ა ფ ხ ა ზ ე თ ი
,,ომი აფხაზეთში _ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, შეთქმულება რომელიც საგულდაგულოდ მზადდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.”
თ.ნადარეიშვილი
მეტნაკლებად იცნობს მსოფლიო ევროპა _ აზიის გასაყარზე მდებარე პატარა საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, გამორჩეული ბუნებით. საქართველოს ერთი უშვენიერესი და უძველესი მხარეა აფხაზეთი. უცხოური ისტორიული წყაროებიდანაც ცნობილია, რომ აფხაზეთი ანუ იგივე კოლხეთი ძვ.წელთ აღრიცხვით VI საუკუნიდან დასახლებული ყოფილა უძველესი ქართული ტომებით. აფხაზების ქართულ წარმომავლობას ადასტურებს მრავალი საუკუნის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაშენებული ქრისტიანობის უძველესი კერები ქართული წარწერებით, თავადებისა და მთავრების ქართული გვარებით.
დღევანდელი აფხაზები აფხაზეთს ,,აფსნისს” ეძახიან, მაგრამ გარესამყარო არ იცნობს ასეთი სახელწოდების კუთხეს, მსოფლიოსათვის ეს მხარე ცნობილია როგორც აფხაზეთი _ რომელიც კავშირშია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან და ქართულ ქრისტიანულ რელიგიასთან. შემდგომში კი იგი ცნობილი გახდა როგორც რუსეთ საქართველოს ომის მიზეზი.
რუსეთის დიდ იმპერიას სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების დაპყრობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით შეუძლია მიზანში ამოღებული ქვეყნის მოსახლეობის გახლეჩა და თავისი გეგმების განხორციელება. აფხაზისათვის ქართველი მტრის სახეც შესანიშნავად შექმნა.
თუკი XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა და რუსეთის მეფისნაცვალს კატეგორიულად მოსთხოვა აფხაზეთი არ ჩამოეშორებინა საქართველოსთვის, XX საუკუნის ბოლოს კი აფხაზი სეპარატისტები საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდნენ. ყოველივე ეს კრემლიდან იმართებოდა.
სეპარატისტების და მათი წამქეზებლების ერთობლივი მოქმედების რეპეტიციად შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთში 1989 წელს განვითარებული მოვლენები, სოფ.ლიხნში მრავალრიცხოვანი მიტინგი ანტიქართული მოთხოვნებით, აგრეთვე გუდაუთის ტერიტორიაზე სეპარატისტთა ბრბოების მიერ იქ სალოცავად ჩასული საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის თანმხლები მრევლის თავდასხმისა და შეურაცყოფის მცდელობა და ბოლოს ქ. სოხუმში ქართველებზე შეიარაღებული შეტაკების განხოციელება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
აფხაზეთის კონფლიქტი ანუ აფხაზეთის ომი ფაქტობრივად 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ საამისო ნიადაგი აფხაზმა სეპარატისტებმა მრავალი ათეული წლის წინათ მოამზადეს. 4-დან 12 აგვისტომდე აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო საპროტესტო
გამოსვლები, რომელიც გარე ძალების მიერ იყო ორგანიზებული. გახშირდა რკინიგზის მაგისტრალზე სატვირთომატარებლების ძარცვა-ყაჩაღობა, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოს არამედ სომხეთის და აზერბაიჯნის კუთვნილი ტვირთი იყო. ზარალმა 12 მილიარდ მანეთს გადააჭარბა. ამიტომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლ. არძინბასთან, შეთანხმებით საქართველოს ხელისუფლებამ ედ. შევარდნაძის მეთაურობით გადაწყვიტა აფხაზეთში დისლოცირებულიყო საქართველოს შეიარაღებული ჯარების 300 კაციანი შემადგენლობა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა, მათ ვერ გათვალეს, რომ აქ მზადდებოდა პროვოკაცია და რომ ეს ფაქტი გამოყენებული იქნებოდა შეიარაღებული შეტაკების დასაწყებად.
14 აგვისტოს, დილით ვლ.არძინბა ესაუბრა გალის რაიონის მაშინდელ გამგებელს, რომელსაც სთხოვა ოჩამჩირის საზღვრამდე მიცილება, სადაც თითქოს ოჩამჩირის გამგებელი უნდა დახვედროდათ, თუმცა სინამდვილეში გალი-ოჩამჩირის საზღვარზე სახელმწიფო ჯარის ნაწილს აფხაზური გვარდიისა და პოლიციის მებრძოლები დახვდნენ, ჩასაფრებულმა მებრძოლებმა მოულოდნელად სროლა ატეხეს და შექმნეს აფსურდული სკანდალი ქართული ჯარის მიერ აფხაზეთის დაპყრობის შესახებ. ასე დაიწყო საქართველოს დესტაბილიზაცია.
ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო, ქართველებს ცეცხლი გულრიფშის რაიონში გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტაშირის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს.
ქართველებმა საბრძოლო მოქმედებები 15 აგვისტოდან დაიწყეს. 19 აგვისტოს გაგრა და კოლხიდა უბრძოლველად დაიკავეს რადგან აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიური ბაზა არ გააჩნდათ.
21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩევო-ჩერქეზეთიდან, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთიდან და რაღა თქმა უნდა რუსეთიდან, რომელიც აფხაზეთს იარაღით ამარაგებდა.
1992 წლის სექტემბერში გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000 კაციანი შენაერთი. ქალაქში იყო სრული ქაოსი და არ არსებობდა მისი დაცვის ერთიანი გეგმა.
1 ოქტომბერს აფხაზებმა დაიწყეს შეტევა გაგრაზე, ქართველებმა უკან დაიხიეს, სწორედ ამ დღეს დაიკარგა კოლხიდა. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.
თვითმხილველთა ჩვენებით 6 ოქტომბერს სეპარატისტთა ბანდებმა დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50 ქართველი. ამასობრივი შეკრების ადგილებში ჯგუფურად დახვრიტეს 700 ქართველი, შემდეგ კი გვამებს თავი მოჰკვეთეს.
1993 წლის 16 მარტს იერიში მიიტანეს ქ.სოხუმზე. ეს იყო აფხაზი სეპარატისტების და რუსეთის გენერალიტეტის მიერ წინასწარ მომზადებული შტურმი. დაიწყო ქალაქის მასიური დაბომბვა, თუმცა ქართველი მეომრები და ქალაქის მოსახლეობა მომზადებული დახვდა და მტერს სერიოზული დარტყმა მიაყენა. აფხაზ სეპარატისტებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, მათ დაგეგმილი ჰქონდათ სოხუმის აღება და მოსახლეობის განადგურება.
გუმისთის მისადგომებთან 12 დღის განმავლობაში ფაქტიურად შიშველი ხელებით აჩერებდნენ კარზე მომდგარ მტერს, რათა ზურგს უკან მდგომ მოსახლეობას ქალაქიდან გახიზვნა მოესწრო.
გატყდა ქართველობა, რუსულმა არმიამ დაიკავა ქ. სოხუმის კვარტლები. იერიში მიიტანეს მთავრობის სახლზე. ტყვედ ჩავარდა ჟიული შარტავა, იმდროინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები.სეპარატისტებმა გაუგონარი სისასტიკე გამოიჩინეს მათ მიმართ. უცნობი ყაბარდოელი ოპერატორის ვიდეოფირზე აღბეჭდილია კადრი სადაც ჯალათების წინაშე დგანან ერთ მუშტად შეკრული, შეუპოვარი ,, ჟიული შარტავას რაზმი” ისინი უშიშრად მიაბიჯებენ ეშაფოტისკენ.
27 სექტემბერს საქართველომ დაკარგა აფხაზეთი
შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?
საქართველოსა და საერთოდ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ოდითგანვე გაცნობიერებული ჰქონდათ ამ რეგიონის გიგანტ სახელმწიფოებს (ირანი, რუსეთი, თურქეთი) რომელთა ექსპანსია კავკასიის მიმართ პერიოდულად ენაცვლება ერთმანეთს. სწორედ ეს გახდა ამ სახელმწიფოების დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პროცესებში საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთის ქვეყნები (ინგლისი, გერმანია) რომელთა გეგმები 20-იან წლებში რუსეთის საბჭოთა იმპერიის შექმნამ გადადო.
რუსეთი მრავალი აპრობირებული მეთოდით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, რომლისთვისაც აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია, ქართული ეთნიკური წმენდა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ქვეყნის იმპერიული ძალები დიდხანს ცდილობდნენ გამოეყენებნათ სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელოში მათ მიერვე პროვოცირებული დაპირისპირებები და მიაღწია დაძაბულობის ესკალაციას.
აქედან გამომდინარე რუსეთი ამ ომისთვის დიდიხნით ადრე ემზადებოდა, აფხაზეთი დიდი ხანია მისი საკბილო გამხდარიყო.
შეიძლებოდა თუ არ ამ ომის თავიდან აცილება?
ალბათ, რუსეთი საწადელს მაინც მისწვდებოდა, საქართველოში იმ პერიოდისათვის შექმნილი უმძიმესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ფონზე, მას აშკარად არ ეყო გამბედობა ოფიციალური პროტესტით დაპირისპირებოდა უზარმაზარი სამხედრო პოტენციის მქონე რუსეთს და მიზანშეწონილლად ჩათვალა დიპლომატიური მინიშნებებით აეძულებინა იგი ხელი აეღო საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული შეთქმულებებისგან, მაგრამ ამაოდ.... საკუთარ გათვლებში საქართველოს ხელისუფლება მწარედ დამარცხდა, რუსეთმა კი ეშმაკურად ისარგებლა საქართველოს თავდახრილი პოლიტიკით და მეტის გამეტებით და დაუნდობლობით ჩაწიხლა იგი, თანაც ისე, რომ მსოფლიოს წინაშე შეწუხებული სახით დიდი ხნის განმავლობაში მოთქვამდა ქართველთა და აფხაზთა შეუთანხმებლობის გამო.
აფხაზეთის შესახებ ინფორმაციული სიმართლის საერთაშორისო არენაზე გატანის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო, ნატოს მაღალი ტრიბუნიდან მიეცა შეფასება აფხაზეთის კონფლიქტს, ითქვა ისიც, რომ ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი,რომელიც გამოყენებული იქნა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, მისი სახელმწიფოებრივი ორიენტაციის შეცვლის მიზნით და რომ ეს კონფლიქტი შედეგია იმპერიული აზროვნებისა, რომელსაც შორს მიმავალი რეციდივები გააჩნია.
უაღრესად მძიმედ, ჭირვეულად იფურცლებოდა აუწონელი ცოდვა-მადლით დატვირთული მატიანე საქართველოსი. იცვლებოდნენ წლები, საუკუნეები, არ იცვლებოდა მხოლოდ შემართება გულოვან ქართველთა. დაუვიწყარი ვაჟკაცობის მოწმეა ყოველი გოჯი ქართული მიწისა. სწორედ ხალხის სიყვარული, ეროვნული ღირსების გამძაფრებული შეგნება, პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შობდა თავგანწირულ გმირებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისინი მარადიული ნათელით გაბრწყინებული წამოიმართებიან წარსულიდან.
PS. 1993 წელს რუსეთის მაშინდელმა ადმინისტრაციამ თავისი პრეზიდენტების - შევარდნაძისა და არძინბას - მეშვეობით, შავიზღვისპირეთში ქართველთა გენოციდის მიზნით დაგეგმა და განახორციელა სისხლიანი კონფლიქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ე.წ. სამშვიდობო ჯარების საშუალებით რუსეთი დღემდე უკანონოდ მართავს საქართველოს ტერიტორიებს. ქართველების, აფხაზების, ჩეჩნების, ზოგადად, კავკასიის ხალხების წინააღმდეგ იმპერია დღემდე აგრძელებს ომს.
მაგრამ მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად აფხაზეთი შეზრდილია თითოეული ქართველის გულთან და გონებასთან. საქართველო ხომ დედა სამშობლოა, აფხაზეთი კი _ მისი სიხლი და ხორცი, მისი ერთ-ერთი შვილი, დედა კი შვილს არასოდეს კარგავს ...
მოდით გვჯეროდეს:
ჩვენ დავბრუნდებით!